11 თვითმომსახურეობის ავტოსამრეცხაოდან თანხა მოიპარეს - პოლიციამ 2 პირი დააკავა
ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ მხილებული, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, 2 პირის დაკავება კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, კახეთის რეგიონში, თვითმომსახურეობის 11 ავტოსამრეცხაოდან თანხა მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს."- წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.