მკვლელობა კაბალში - ცნობილია, რამდენი წლით გაუშვეს ციხეში მაღაზიის მფლობელის მკვლელობაში ბრალდებულები
კაბალის ბაზრის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელის მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 18 წლით პატიმრობა მიესაჯათ - ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
საუბარია 2025 წლის 25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის შესახებ, როცა თავს დაესხნენ კაბალის ბაზრის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად და ისეთი საშუალებით, რამაც განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ბრალდებულები განზრახ მკვლელობის მიზნით თავს დაესხნენ კაბალის ბაზრის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაღაზიის მფლობელი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე, ადგილზე მყოფი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის ,,ბ” და ,,ი” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჯგუფურად) და ერთ ბრალდებულს 18 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- წერია განცხადებაში.