პროკურატურა მოკლული მასწავლებლის დედას პასუხობს
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება.
უწყება წერს, რომ მზად არის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.
„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები, ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი. მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მოკლული გიგა ავალიანის დედა გუშინ "პირველებთან" ამბობდა, რომ გვარაკიძის უწყებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და საგამოძიებო უწყებასთან აქციეის გამართვას აპირებდა.
- 28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში რასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.
- ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციით შეფასდეს და ყველა დამნაშავე, მათ შორის, შესაძლო თანამონაწილეები, პასუხისგებაში მიეცეს.
მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას აფრთხილებს, რომ ვიდრე ყველა დაკავებული საბრალდებო სკამზე შესაბამისი მუხლით არ აღმოჩნდება, ის არ გაჩერდება.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.