მკვლელობა კახეთში - ვინ არის მოკლული და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი?
კახეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - სოფელ შილდაში მოკლული 48 წლის კაცი ნოდარ ასაბაშვილია.
გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ სასიკვდილო ჭრილობა მას კარის მეზობელმა, 51 წლის ლევან ჩიტაშვილმა მიაყენა.
გამოცემა შემთხვევის ახალ დეტალებზეც წერს და ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლული და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში დამეგობრდნენ. მათ შორის დაპირისპირება ახალი წლის ღამეს დაიწყო. მაშინ, როდესაც ასაბაშვილი ჩიტაშვილთან მეკვლედ იმყოფებოდა. არსებული ვერსიით, კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ქალზე ეჭვიანობა და ამ ფაქტის გარშემო განვითარებული პროცესები გახდა.
"მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ რამდენიმე საათის წინ, ჩიტაშვილი მეზობელთან სახლში შევიდა და მას ჭრილობა დანით მიაყენა, რის შემდეგაც, თავადვე განაცხადა, რომ მეგობარი დაჭრა.
განახლება:
დღეს ეჭვიანობის მოტივზე და მეზობლებს შორის ქალის გამო არსებულ კონფლიქტზე ადგილობრივებმა "პირველებთანაც" ისაუბრეს (ვიდეო)