სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში - ნაცემია სუს-ის თანამშრომელი, იკვლევენ შუახნის კაცის სიკვდილს
სისხლიანი დაპირისპირება ოზურგეთში - შინაგან საქმეთა სმინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს ხმაურიანი გარჩევა მოჰყვა, რომელშიც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი სხვა ზრდასრულ პირებთან ერთად მონაწილეობდა.
გელა გელაძის უწყების ცნობით, სუს-ის თანამშრომელს დაპირისპირებისას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, მან კი სამსახურის კუთვნილი ცაცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რომელიც შსს-ს მტკიცებით, ძალოვანს არ გამოუყენებია.
სუს-ის თანამშრომელი და ინცინდენტის მონაწილე მისივე ნათესავი, დისშვილი კლინიკაში არიან მოთავსებული.
ეს ყველაფერი არ არის, განცხადების თანახმად, ინცინდენტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბაბუა, ინცინდენტიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა. მას აღნიშნული იარაღი წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა - მეორე არასრულწლოვანის ბიძამ, რომელმაც მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღი თავად წარმოუდგინა გამოძიებას.
ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, მის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები.
ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ გამოძიების დასრულებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში.
გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების შემდგომი ინფორმირება.