მკვლელობა მუხრანში - ვის ეკუთვნის მკვლელობის იარაღი?
ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. სპარტაკ ცისკაძე და ივანე მაისურაძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ.
ორივეს მუხრანში ორი ადამიანის, ზურაბ სანამაშვილისა და გია ქილარჯიანის განზრახ მკვლელობისთვის ასამართლებენ.
დანაშაული მუხრანში 24 იანვარს მოხდა, როდესაც დაკავებულებმა თანასოფლელები ავტომობილში ჩაცხრილეს. სამ დღიანი ძებნის შემდეგ ორივე ბრალდებული თბილისში აიყვანეს.
სპარტაკ ცისკაძისა და ივანე მაისურაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მხხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. უცნობია, დაარღვევენ თუ არა ისინი დუმილს.
სპარტაკ ცისკაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი "უდანაშაულოა" და აღკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდების მხარემ წაუყენა ჯგუფური მკვლელობა, რასაც რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით. წარმოდგენილი მტკიცებულებები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეწულობას არ ადასტურებს. მოვითხოვთ მის წინააღმდეგ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული"- აცხადებს ადვოკატი მუხრან ღურწკაია.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს "მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია". ღურწკაიას თქმითვე, იარაღი, რომლითაც ბიზნესმენი და სამხედრო მოკლეს, მას საერთოდ არ ეკუთვნის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.