დავაკავეთ მთვრალი მძღოლი, რომელმაც 18 წლის გოგო იმსხვერპლა - შსს
ავარია გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია 33 წლის კაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე - 2007 წელს დაბადებულ ა.კ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.კ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.