მუხრანელი ბიზნესმენის მკვლელობა რამდენიმე თვე იგეგმებოდა? - რა მოხდა გახმაურებულ პროცესზე
ორი ადამიანი ჩაცხრილვაში ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. სპარტაკ ცისკაძე და ივანე მაისურაძე ამტკიცებენ, რომ მუხრანის ცენტრში ბიზნესმენი და მისი მეზობელი არ მოუკლავთ. პროკურატურის ვერსიით კი, მუხრანელი ბიზნესმენის მკვლელობა ბრალდებულებმა რამდენიმე თვით ადრე დაგეგმეს, იყიდეს იარაღი და ზვიად სანამაშვილს უთვალთვალებდნენ, რომ მკვლელობისთვის ხელსაყრელი დრო შეერჩიათ.
მუხრანში შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი დღე ეძებდა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემდეგ ადგილიდან ავტომობილით გაიქცნენ, კვალის ასარევად მალევე შეცვალეს მანქანა და გზა ტაქსით გააგრძელეს. ერთი სვანეთში გაიქცა, მეორე თბილისში, თუმცა გზად რამდენიმე მანქანა შეიცვალეს. სამართალდამცველების თქმით, სწორედ ეს დეტალები ადასტურებს, რომ ბრალდებულები შემთხვევით არ მოქმედებდნენ და მუხრანელი ბიზნესმენის მკვლელობა წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.
რატომ მოკლეს მუხრანელი ბიზნესმენი? "პირველების" ინფორმაციით, სავარაუდოდ წინასწარ მომზადებული დანაშაული, კრიმინალური წესებით საქმის გარჩევას უკავშირდება, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს უსამართლო ვერდიქტის გამოტანას ედავებოდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვერსიაა.
დაკავებულები ჯერ ალაპარაკებას არ აპირებენ. ამტკიცებენ, რომ მანქანაში, საიდანაც 10 ტყვია ისროლეს ისინი არ ისხდნენ.