წამებით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმე - მძიმე დანაშაულის მთავარი ფიგურანტი დაკავებულია

04.02.26 21:19
წამებით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმე - მძიმე დანაშაულის მთავარი ფიგურანტი დაკავებულია

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობის მთავარი ფიგურანტი დაკავებულია. თითქმის ერთწლიანი ძებნის შემდეგ, 22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი რუსეთში დააკავეს.

საქართველოსა და რუსეთს შორის, ლარსზე ძებნილი პირების გაცვლის ამსახველი კადრები რუსეთის პროკურატურამ გაავრცელა. საქართველომ რუსეთს გადასცა რუსეთის მოქალაქე ნიკიტა პოდსტავკინი, რომელსაც ბრალი ედებოდა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც დაზარალებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.რუსეთმა კი საქართველოს გადმოსცა გიორგი პაპაშვილი, რომელსაც ბრალი ედება 22 წლის თამაზ მთივლიშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი პაპაშვილი რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 2 თებერვალს გადმოსცა. 26 წლის მამაკაცი თაზო მთივლიშვილის მკვლელობის შემდეგ მიმალვაში იყო. რამდენიმე თვის წინ „შაბათის გუნდმა“ გაარკვია, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული მანამდე სამჯერ იყო ნასამართლევი, თუმცა მთიულიშვილის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა.

რა მოხდა მკვლელობის დღეს ორთაჭალაში?  22 წლის თაზო მთივლიშვილი წამებით, საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს. თაზო საბურთალოზე ერთ-ერთ საშაურმეში ი მუშაობდა. სწორედ ამ ობიექტზე დაწყებული უთანხმოება გახდა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი. „შაბათის გუნდის“ მიერ მოპოვებული პოლიციური მასალებიდან ირკვევა, რომ 36 წლის გიორგი პაპაშვილი საშაურმეში დასაქმებულ ახალგაზრდებს შავი სამყაროს წარმომადგენლად გაეცნო და ყოველთვიურად ე.წ. „ობშიაკის“ გადახდას სთხოვდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ამ დავას ორთაჭალაში გარჩევა მოჰყვა. საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული ჩვენებების მიხედვით ირკვევა , რომ სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა — გიორგი პაპაშვილი 22 წლის ბიჭს უმოწყალოდ სცემდა.სასტიკი წამების კვალს ადასტურებს ფოტო-მასალაც — დაზარალებულს სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე აქვს მრავლობითი დაზიანებები მიყენებული. საბოლოოდ, გიორგი პაპაშვილმა თაზო მთივლიშვილს სასიკვდილო დაზიანება ბოსტნეულის დაფით მიაყენა.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ თაზო მთივლიშვილის მეგობრები და თანამშრომლები დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 20 წლის ლუკა გვენეტაძე, 21 წლის ვერიკო კაპანაძე და 20 წლის საბა რობაქიძე სასტიკ დანაშაულს შეესწრნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. როგორც ირკვევა, ორი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს.

კიდევ ერთი პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს ბაირამ ალი მუსეინოვი ამ დრომდე მიმალვაშია. საგამოძიებო უწყების ცნობით, მან დანაშაულის ადგილი სავარაუდოდ გიორგი პაპაშვილთან ერთად დატოვა. მუსეინოვს ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი და მასაც, სხვა პირების მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი პაპაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ირაკლი ბახტაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები