"კანონიერი ქურდები" და ივანიშვილი - "შაბათის ეთერმა" დედ ჰასანის ოჯახი ჩაწერა

28.02.26 21:50
"კანონიერი ქურდები" და ივანიშვილი - "შაბათის ეთერმა" დედ ჰასანის ოჯახი ჩაწერა

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო მასალების თანახმად,  ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" შვილიშვილმა, ირაკლი უსოიანმა შეუკვეთა ოთარ ფარცხალაძეს, თბილისში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობა.

დოკუმენტში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, კრიმინალური პოლიციის ოპერატიული მუშაკი, რომიკო გოგიაშვილი, უფროსებს უპატაკებს, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის უკან, ასლან უსოიანის ოჯახი დგას. მისი პატაკის თანახმად,  ფარცხალაძეს ჯაგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის 5 მილიონი მისცეს.

ლევან ჯანგველაძის სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ირაკლი უსოიანმა შური, 2013 წელს, მოსკოვში მოკლული ბაბუის გამო იძია. პატაკში ვკითხულობთ, რომ უსოიანი დედ ჰასანის მკვლელობას სწორედ ძმებ ჯანგველაძეებს უკავშირებს.

  • დედ ჰასანის დისშვილი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ის "ქართული ოცნების" პარტიული მხარდამჭერია და მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, მის ოჯახს 2013 წელს, დედ ჰასანის საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის უფლება არ მისცა, მაინც  ხელისუფლების გულშემატკივრად რჩება. "შაბათის ეთერს" გადაღებული აქვს კადრები, სადაც ჩანს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სწორედ დედ ჰასანის დისშვილი, გოჩა ბალოიანი იყო ჩართული "ქართული ოცნებისთვის" ხმების მობილიზებაში. მეტიც, ის არჩევნების დღეს ვარკეთილის საარჩევნო უბნებს აკონტროლებდა და ხმის მიცემის პარალელურად, მას ჰქონდა ჩაბარებული, უბნებთან მობილიზებული ქუჩის ბიჭების კონტროლიც.

რა კავშირი შეიძლება არსებობდეს, დედ ჰასანს, ჯანგველაძეებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის?!

პუბლიცისტი გიგა ლიპარტელიანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქურდული სამყაროს ურთიერთობა 1993 წელს ოლიგარქის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის  გატაცების შემდეგ დაიწყო და ახლა განვითარებული მოვლენები, პირდაპირ კავშირშია 90-იანებში მომხდართან ამ ფაქტთან. მილიარდერის ძმის გატაცების მომენტში, 90-იანების რუსეთში ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდები - მერაბ ჯანგველაძე, ტარიელ ონიანი და არსენ მიქელაძე, ერთ დაჯგუფებად მიიჩნეოდნენ. რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების ავტორი ამბობს, რომ ალექსანდრე ივანიშვილის გატაცება მაშინ მოსკოვში, სწორედ ამ ჯგუფის სახელს უკავშირდებოდა.

გამოსასყიდის სახით მოთხოვნილი ფული მილიარდერმა მაშინ არ გადაიხადა და საქმის მოგვარება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, პავლე გრაჩოვს სთხოვა.

გიგა ლიპარტელიანი აცხადებს, კრიმინალური ვენდეტა გრაჩოვის ჩარევისა და ალექსანდრე ივანიშვილის ტყვეობიდან გათავისუფლების მიუხედავად მაშინ არ დასრულებულა. გამოსასყიდის გარეშე დარჩენილი კრიმინალური სამყარო პასუხს ჯაბა იოსელიანს სთხოვდა, იოსელიანი კი ივანიშვილს. 

დედ ჰასანისა და ჯანგველაძე-ონიანი-მიქელაძის დაჯგუფებებს შორის, ღია დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. გიგა ლიპარტელიანი ამბობს, რომ პროცესი, რომელიც 90-იანებში დაიწყო, ამ დრომდე არ დასრულებულა და ვაკეში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობით კიდევ უფრო გამძაფრდა.

ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო რეპუტაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ოთარ ფარცხალაძე ამ მასშტაბის დანაშაულის ჩადენას ვერაფრით გაბედავდა.

რა როლი აქვს კახა კალაძეს ივანიშვილისა და "კანონიერი ქურდების" ურთიერთობაში? - მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი სიახლეები