სუს-მა "ქართული ოცნების" სტაჟიანი მხარდამჭერი, რიმა ოთარაშვილი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ქართული ოცნების" სტაჟიანი მხარდამჭერი, რიმა ოთარაშვილი დააკავა.
როგორც ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მარნეულის მერიის თანამშრომელი და მასთან დაკავშირებული პირი არიან დაკავებული.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა-გამიჯვნის საკითხის თითქოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ დოლარი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფარულ კადრებში ჩანს, როგორ იღებს დაკავებული თანხას და მოქალაქეს 60 000 დოლარად სთავაზობს საქმის 100%-იან მოგვარებას.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ამჟამად დაკავებული მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი, რიმა ოთარაშვილია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფ-გამიჯვნის საკითხის თითქოსდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საედანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ დოლარი“. - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ა). და მესამე ნაწილის ბ). ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რიმა ოთარაშვილი საზოადოებამ მაშინ გაიცნო, როცა ეს უკანასკნელი სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად, 2022 წლის ივლისში სააგიტაციო ფლაერების დარიგებაში ხელს უშლიდნენ სამოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს.
მაშინ სამოქალაქო აქტივისტებს ბაზრის ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ.