"პირველების" ექსკლუზივი: 22 წლის თაზო მთივლიშვილს დაზიანებები ხის დაფით, სასიკვდილო ჭრილობა კი დანით აქვს მიყენებული
22 წლის სტუდენტის, თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმე - "პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებით დგინდება, რომ ახალგაზრდას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები დანით და სამზარეულოს დაფის ჩარტყმით აქვს მიყენებული.
თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულია 33 წლის გიორგი პაპაშვილი. ირკვევა, რომ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სკანდალური განცხადება გააკეთა. საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ ამავე საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულებს ციხეში უცნობი პირი აიძულებს, რომ მკვლელობისთვის დაკავებულის მიმართ მისცენ ისეთი ჩვენებები, რაც მას სასჯელს შეუმსუბუქებს.
პროცესს მოკლული ბიჭის დედა ესწრებოდა, თუმცა მხარეებმა შვილმოკლული ქალის ჩვენება უდაუდო გამოაცხადეს.
ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალისთვის მნიშვნელოვანია, საქმის ყველა ფიგურანტი კანონის მიხედვით დაისაჯოს.
ჩემთვის ეს პროცესი მძიმე იყო. მოვითხოვ, სასამართლომ ჩემი პოზიცია გაითვალისწინოს და გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯონ. ეს არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. მწვანილების საჭრელი დაფით მომიკლეს შვილი - ოთხ ნაწილად იყო გაყოფილი. დღესაც კი მიჭირს სამზარეულოში შესვლა - არ შემიძლია მწვანილის დაჭრა, საჭმლის მომზადება, რადგან ვიცი, როგორი განსაკუთრებული სიასტიკით მოკლეს ჩემი შვილი"- აცხადებს მოკლულის დედა.
თაზო მთივლიშვილის ოჯახის ინტერესების დამცველიც ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები მკვლელობაში ბრალდებულის მხრიდან ზეწოლაზე ადრეც მიუთითებდნენ, რაზეც დღეს სხდომაზე პროკურორმაც ისაუბრა.
მკვლელობა თბილისში, ორთაჭალაში, 18 თებერვალს მოხდა.
ოთხ ბრალდებულს: ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძესა და ბაირამ ალი გუსეინოვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
გიორგი პაპაშვილი კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით არის დაკავებული.