სპეცოპერაციის დეტალები: დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა
"პირველებისთვის" „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირის დაკავების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ნოდარ შუკაკიძის ძმა, ე.წ. კანონიერ ქურდს კი ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინე.
ლევან შუკაკიძის და მისი დაჯგუფების დასაკავებლად სპეცოპერაცია გლდანში ჩატარდა.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სწორედ გლდანს აკონტროლებდა წლების წინ თავად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ნოდარ შუკაკიძე და "ქართული ოცნებისთვის " ხმების მობილიზებაში ეხმარებოდა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა - როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკაბიძემ განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე დამატებით შვიდ ადამიანს ბრალი წაუყენეს: ხუთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ორს კი საზღვარგარეთ დაუსწრებლად.
დასახელდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძის სახელები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მათგანი „პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“.
დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას“.
გლდანის პარალელურად, სპეცოპერაცია ჩატარდა ნაძალადევის რაიონშიც.