სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, შუახნის კაცმა, მეზობელი ქალი სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მოკლულია 45 წლის თეა ხარგელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მკვლელობის შემდეგ, კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ბრალდებულის დაკავება მალევე მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული"- წერს შსს.