14 წლის გოგო მამას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - მედია
კახეთში, ოჯახური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 35 წლის კაცს, არასრულწლოვანი შვილი შესაძლო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - ინგორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავცელებს.
mak.ge-ს ცნობით, დანაშაულის კვალიფიკაციისა და ბრალის ზუსტი ფორმულირების დასადგენად, 14 წლის გოგონა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
გამოცემამ “მთავარი ამბები კახეთიდან” გაარკვია, რომ მოზარდის მტკიცებით, ბიოლოგიური მამა 6 წელია მასზე ძალადობს. არასრულწლოვანმა კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა.
მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კაცი ცოლზე ძალადობისა და მისი ტანსაცმლის დაწვის ფაქტზე აიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სასჯელს იხდის მისი ნათესავი მამაკაციც.
მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ თავად მამის მიმართაც არსებობდა წარსულში მსგავსი შინაარსის ბრალდება მისივე ნათესავის მხრიდან, თუმცა კონკრეტული დანაშაული არ დადასტურდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დედასა და ბებიას მიაწოდა, ფაქტის დასადასტურებლად სოფელში ოჯახის წევრების გამოკითხვას ითხოვენ.
მამაკაცი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ეპიზოდზე კი სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
საქმეში ჩართული არიან ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, ასევე განიხილება მისი სპეციალიზებულ სერვისში გადაყვანის საკითხი.