ბათუმში, 43 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში, 43 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობილია, რომ "როლიკა", მაშინ ჩაცხრილეს, რომა ის ცოლ-შვილს სალონთან ელოდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, დავითაძემ სიკვდილის წინ ცოლისთვის მკვლელის ვინაობის თქმა მოასწრო.
მედიის ინფორმაციით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეზობლები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
შსს წერს, რომ სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.