დააკავეს კაცი, რომელიც ბავშვებს სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას აიძულებდა

10.06.26 17:23
დააკავეს კაცი, რომელიც ბავშვებს სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას აიძულებდა

14 წლამდე ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას 
საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების თანახმად, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის - ,,Facebook”-ის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, არასრულწლოვნების, მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ, მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას აგრძელებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა. აგრეთვე, დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მსგავსი სიახლეები