დააკავეს პირი, რომელმაც ივანიშვილის ვაჟის სახელით, პატიმრების ოჯახს 11 300 ლარი გამოართვა

27.07.26 14:50
დააკავეს პირი, რომელმაც ივანიშვილის ვაჟის სახელით, პატიმრების ოჯახს 11 300 ლარი გამოართვა

საქართველოს სახელმიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,  დააკავეს პირი, რომელმაც სუსის უფროსის გელა გელაძის და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით ციხეში მყოფი ორი ბრალდებულის ოჯახებისგან 11 ათას 300 ლარი აიღო.

უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ დაკავებული "ძალოვანი სტრუქტურის" ყოფილი თანამშრომელია. 

სუსის თანახმად, ამჟამად დაკავებული პირი პატიმრების ოჯახს დაპირდა მათ გათავისუფლებას და შემდეგ საპროცესო შეთანხმებას. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერს სუსი. 

გელა გელაძუის უწყება არ აკონკრეტებს რომელი "ძალოვანი უწყების" ყოფილ თანამშრომელზეა საუბარი. უცნობია, კონკრეტულად როდის მოხდა ფაქტი. არ ხმაურდება ისიც, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე არიან ბრალდებულები პირები, ვისაც დაკავებული დახმარებას დაპირდა.