მედია: ქუთაისელი ქალი პატრულისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა - წაღებულია 6 500 $ და 30 000 ლარი

28.07.26 11:32
მედია: ქუთაისელი ქალი პატრულისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა - წაღებულია 6 500 $ და 30 000 ლარი

ქუთაისში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

დაზარალებული  "ინფო იმერეთთან“ ჰყვება, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო მამაკაცი, რომელიც მას ბიზნესმენად გაეცნო. შეხვედრებს კი სისტემატურად ესწრებოდა მისი მეგობარი - პატრულის მოქმედი თანამშრომელი.

გამოცემის ცნობით, გაცნობიდან რამდენიმე კვირაში ქალს თანხა მოსთხოვეს. დაზარალებულმა აღნიშნული პირების დასახმარებლად ბანკში ძვირფასი ნივთები ჩადო, 4 000 დოლარი ანგარიშზე დაურიცხა, 2 500 დოლარი კი ხელზე იმ პირობით გადასცა, რომ 3 დღეში დაუბრუნებდნენ.

ქალი ამბობს, რომ 3 დღის გასვლის შემდეგ თანხა არ დაუბრუნებიათ.

"ინფო იმერეთის" ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ქალს სთხოვეს, კიდევ ესესხებინა მათთვის თანხა, რომელიც, თითქოს, რუსეთიდან უკვე გადმორიცხული იყო, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ფონის გამო დროულად ვერ ირიცხებოდა. ქალი აცხადებს, რომ მათ დასახმარებლად შვილის მონაცემებით ისევ გამოიტანა სესხი და 30 000 ლარი დაამატა.

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც ქალმა თანხის დაბრუნება მოითხოვა, მისი თქმით, ვითარება დაიძაბა:

"უკვე თანხა რომ მოვითხოვე, ეს ვითომ ჩემი შეყვარებული აგრესიული გახდა. "გაჩერდი, თორემ კბილებს ჩაგილეწავო“ - მემუქრებოდა. ამის შესახებ საქმის კურსში იყო პატრულის თანამშრომელიც, თუმცა რეაგირებას არ ახდენდა. შემდეგ ორივეს ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი, რის შემდეგაც პატრულმა სიმბოლური თანხების დარიცხვა დაიწყო, რაც, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთი იყო. ეს ჩემი ვითომ შეყვარებულიც და პატრულიც გუშინ დააკავეს. ჩემი პრიორიტეტია ზარალის ანაზღაურება მოხდეს მათი მხრიდან, სხვა არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია მათ მიმართ, მთავარია ჩემი თანხა დამიბრუნდეს“, - აცხადებს დაზარალებული ქალი "ინფო იმერეთთან“, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით გამოცემა არ ასახელებს. 

გამოცემის ცნობით, პატრულის თანამშრომელი და მისი მეგობარი გუშინ დააკავეს. 

"ინფო იმერეთი" ამ ეტაპზე ასევე არ ასახელებს გურიაში მცხოვრები თაღლითობის ბრალდებით დაკავებული პირების სახელებსა და გვარებს.