დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა - პროკურატურა ნასაკირალში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე წერს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 63 წლის ნარგული ზოიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გოგიტა ელიაძეს ბრალდება წარუდგინეს.
საქართველოს პრიკურატურის განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 აგვისტოს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.