წამებით მოკლული თაზო მთივლიშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
წამებით მოკლული თაზო მთივლიშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - რუსეთიდან ექსტრადირებული გიორგი პაპაშვილი მოსამართლის ვერდიქტს ელოდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე იწყება.
22 წლის მეშაურმის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ოჯახის პოზიციით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თაზო მთივლიშვილი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი, სამზარეულოს ხის დაფა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში და მოკლა.
გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.
საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.