სახდეპის პრესსპიკერი: ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები დააწესოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს და არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას, ბრიუსმა უპასუხა, რომ "ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა".
ამასთან, მისი თქმით, დადგა დრო, რომ რუსეთმა და უკრაინამ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი.
„ვიცით, რომ მან გამოთქვა მზადყოფნა, ეს გააკეთოს - ცხადია, ჩვენ არ ვაუქმებთ ამჟამად არსებულ არცერთ სანქციას. პრეზიდენტს სურს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ, როგორც ერი, ვაკეთებთ, დიპლომატიური იყოს - ის ამ საკითხში ძალიან მკაფიოდ საუბრობს. ამავდროულად, მას ესმის, რომ არსებობს მსოფლიოს სხვა ნაწილიც, რომელსაც ყურადღება სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ასევე, მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა აშშ-ის მზადყოფნის შესახებ, გააგრძელოს დახმარება უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
"ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კვლავ ჩართულები დავრჩებით და ყველანაირად დავეხმარებით. თუმცა, ჩვენ აღარ ვიფრენთ მსოფლიოს გარშემო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ახლა ორივე მხარის პასუხისმგებლობაა", - განმარტა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.