პუტინის არმიამ ხარკოვზე იერიში მიიტანა - დაშავდა 47 ადამიანი
ღამით პუტინის არმიამ ხარკოვზე იერიში მიიტანა. უკრაინულ ქალაქში ბოლო მონაცემებით, 47 ადამიანია დაშავებული. უკრიანული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის მიმართულებით, ჯამში 17 დარტყმა განხორციელდა.
დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დაღუპულების შესახებ ცნობები ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ხარკოვზე იერიშის მისატანად, უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.
რუსული ძალების თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთმა საცხოვრებელ შენობებს დაარტყა და არა სამხედრო ობიექტებს.
„სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს. მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.