სი ძინპინი და ფიცო 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან - რუსული მედია
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მსოფლიო ლიდერი მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრებაზე უარს აცხადებს, ზოგიერთი მათგანი ვლადიმერ პუტინთან ჩასვლას მაინც გეგმავს.
კერძოდ, კრემლი იუწყება, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთს 7-დან 10 მაისამდე ეწვევა და „მონაწილეობას მიიღებს გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნაში“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სი ძინპინი პუტინთან განიხილავს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას და ასევე ხელს მოაწერს რიგ დოკუმენტებს.
გარდა ამისა, რუსული მედია წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ გამარჯვების დღეს მოსკოვს ეწვევა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიცომ „მიუღებელი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას“.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ვერ უზრუნველყოფს იმ მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებას, რომლებიც გადაწყვეტენ დაესწრონ 9 მაისის აღლუმს მოსკოვში.