დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა. ტრამპმა გასცა დაპირება, რომ მისი ადმინისტრაცია დაასრულებს ვითარებას, როდესაც მძიმე დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირები სათანადო სასჯელის გარეშე რჩებიან.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღადგინეთ და გახსენით ალკატრასი! წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, უყოყმანოდ ვაპატიმრებდით ყველაზე საშიში დამნაშავეებს და შორს გვყავდნენ ისინი მათგან, ვისთვისაც ზიანის მიყენება შეეძლოთ. ვაძლევ მითითებას ციხეების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტთან, FBI-თან და სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, ხელახლა გახსნან მნიშვნელოვნად გაფართოებული და აღდგენილი ალკატრასი“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ალკატრასის ციხე ფუნქციონირებდა 1934-დან 1963 წლამდე და ითვლებოდა აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და დაცულ სასჯელაღსრულების დაწესებულებად. იქ იყვნენ განთავსებული ქვეყნის ყველაზე საშიში დამნაშავეები, მათ შორის, ალ კაპონე. შენახვის მაღალი ხარჯებისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო ციხე დაიხურა.