ევროკავშირმა 1.9 მილიარდი ევროს დახმარება გამოაცხადა - უკრაინისთვის იარაღს გაყინული რუსული აქტივებიდან შეიძენენ

09.05.25 16:34
ევროკავშირმა 1.9 მილიარდი ევროს დახმარება გამოაცხადა - უკრაინისთვის იარაღს გაყინული რუსული აქტივებიდან შეიძენენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინის ქალაქ ლვოვში ვიზიტის დროს, ქვეყანას დამატებით 1.9 მილიარდ ევრომდე ოდენობის სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

უკრაინის პრემიერი ამ გადაწყვეტილებას ისტორიულად მიიჩნევს, რადგან უკრაინისთვის იარაღის შეძენა „ევროპის მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება.

  • ლვოვში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე უკრაინას პრემიერი შმიგალი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ანდრეი სიბიგა წარმოადგენდნენ. ევროპელმა მინისტრებმა ევროპის დღე უკრაინაში აღნიშნეს. 

"ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად ე.წ. „დანიური მოდელის“ მიხედვით - პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან.

ამ გზით ჩვენ არამხოლოდ ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, არამედ ვასტიმულირებთ ეკონომიკას და ინოვაციებს ჩვენს თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში.

კიდევ 600 მილიონი ევრო დაიხარჯება არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე.

200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე.

ჩვენ გულწრფელად ვუხდით მადლობას ევროკავშირს ამ შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებისთვის, ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლობა დანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს და იტალიას, რომლებიც განახორციელებენ 1 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინული იარაღის შეძენას." წერს შმიგალი. 

მსგავსი სიახლეები