მაკრონი: თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ ევროპა აშშ-თან კოორდინაციით ზეწოლას გააძლიერებს.
კიევში დავბრუნდი. ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი პასუხი კოლექტიური უნდა იყოს“, - წერს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა კიევში ვიზიტის სამი მთავარი მიზანი დაასახელა:
პირველი, მშვიდობა, რომელიც სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით იწყება. ეს არის წინადადება, რომელსაც ჩვენ აშშ-თან ერთად ვამუშავებთ. უკრაინამ ის 11 მარტს მიიღო. თუმცა, რუსეთი დროს აჭიანურებს და წინაპირობებს აყენებს. თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას, ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას, აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე, სუვერენიტეტი - სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს. და ბოლოს, მომავალი - უკრაინა იბრძვის თავისი ხალხისთვის და ასევე, იმ ევროპული იდეისთვის, რომლისაც ჩვენ გვჯერა. თავისუფალი, ძლიერი, აყვავებული და ევროპული უკრაინა ჩვენი მიზანია“, - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.