ელისეს სასახლე რუსულ დეზინფორმაციას პასუხობს

რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებების და ასევე კრემლის პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კიევისკენ მატარებლით მომავალი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ლიდერების მაგიდაზე კოკაინი იდო, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი დეზინფორმაციას უწოდებს.
ელისეს სასახლე განცხადებას ავრცელებს და თან ახლო ხედით გაადღებულ კადრებს ურთავს, სადაც ცხადად ჩანს, რომ მაგიდაზე უბრალო ხელსახოცი დევს.
საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე წერს, რომ ეს ყალბი ამბავი ვრცელდება საფრანგეთის მტრების მიერ - როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.
"როდესაც ევროპული ერთობა შეუქცევადი ხდება, დეზინფორმაცია ისე შორს მიდის, რომ ჩვეულებრივ ხელსახოცს ნარკოტიკად აქცევს.
დეზინფორმაციას ავრცელბენ საფრანგეთის მტრები, უცხოეთშიც და ქვეყნის შიგნითაც. მანიპულაციების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში 9 მაისს გაემგზავრნენ. ფაქტის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები და კრემლის პროპაგანდისტები როგორც თავად რუსეთში (მაგალითად, მარგარიტა სიმონიანი), ასევე სხვა ქვეყნებშიც, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ევროპელ ლიდერებს თან ჰქონდათ კოკაინი, რომლის დამალვასაც მაკრონი ცდილობდა. ეს ინფორმაცია, როგორც „სკანდალი“, ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამაც გაავრცელა (მაგალითად, POSTV).
ახლო კადრი ელისეს სასახლემ 12 მაისს გამოაქვეყნა, წარწერით: ეს არის ცხვირსახოცი ცხვირის მოსახოცად. მეორე ფოტოზე კი ჩანს სამი ლიდერი და აწერია: ეს არის ევროპული ერთობა მშვიდობის წინ წასაწევად.