The Washington Post: რუსეთი სტამბულში დელეგაციას გააგზავნის, თუმცა პუტინი იქ არ იქნება

14.05.25 10:41
The Washington Post: რუსეთი სტამბულში დელეგაციას გააგზავნის, თუმცა პუტინი იქ არ იქნება

რუსეთის წარმომადგენლები დაელოდებიან უკრაინას თურქეთში 2025 წლის 15 მაისს მოლაპარაკებების გასამართად. ამის შესახებ რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პროპაგანდისტული ტელეკომპანია „Russia 1“-ის ჟურნალისტთან, პაველ ზარუბინთან მიცემულ კომენტარში განაცხადა.

"ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და დაელოდება უკრაინულ მხარეს“, - განაცხადა პესკოვმა. თუმცა, მან არ თქვა, იქნება თუ არა თავად პუტინი სტამულში. ასევე არ სახელდება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც მოლაპარაკებებზე წავა.

როცა პრეზიდენტი გასცემს ბრძანებას, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

ამავდროულად, კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ვაშინგტონ პოსტს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, განაცხადა, რომ რუსეთს სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტამბოლში პირადად რუს დიქტატორს, პუტინს დაელოდება. 

სწორედ პუტინი განსაზღვრავს ყველაფერს რუსეთში, მან უნდა გადაწყვიტოს ომის საკითხები. ეს მისი ომია. ამიტომ, მოლაპარაკებები მასთან უნდა გაიმართოს, - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები