რუსეთიდან უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან - დროებით დახურეს რამდენიმე აეროპორტი
საჰაერო განგაში რუსეთის სხვადასხვა ოლქებში - ოკუპანტი სახელმწიფოდან უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 120-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანადგურეს. დროებით დახურეს რამდენიმე აეროპორტი.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ აფეთქებების შესახებ ორიოლის, ბრიანსკის, კურსკის, ტულის, რიაზანის და სხვა ოლქებში.
ტელეგრამ-არხი Supernova+, რომელიც მონიტორინგს უწევს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონებით შეტევებს, წერს, რომ ორიოლის ოლქის ქალაქ ბოლხოვში იწვის ნახევარგამტარი მოწყობილობების ქარხანა.
ღამის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ რიაზანის ოლქიდანაც. საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო ივანოვოს და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებშიც და მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟუკოვსკში.
დრონებით შეტევასთან დაკავშირებული საფრთხის გამო დროებით დახურეს კალუგის, იაროსლავლის და კოსტრომის აეროპორტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 მაისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 127 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 41 - ბრიანსკის ოლქში, 37 - ორიოლის ოლქში, 31 - კურსკში, 6 - მოსკოვის რეგიონში, 5 - ვლადიმირის ოლქში, 3 - რიაზანში, 1 - ბელგოროდის ოლქში და ამდენივე - ტულის და კალუგის ოლქებსა და შავი ზღვის თავზე.
21 მაისის დილის ცხრა საათის მდგომარეობით, უკრაინას რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.