მოსკოვთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს
დღეს დრონებმა კვლავ შეუტიეს რუსეთის ტერიტორიას, დაბომბეს უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა და ტექნოლოგიური პარკი მოსკოვის რეგიონში. ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
ინტერნეტში ვრცელდება თავდასხმის ვიდეოები, მათ შორის ის მომენტი, როდესაც დრონი საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
„კრონშტადტის“ ქარხნის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ის ქმნის უპილოტო საფრენ აპარატებსა და საავიაციო ტექნიკას.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დღეს დილით განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ 33 დრონი ჩამოაგდო, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ. ამასთან, მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.