რა საკითხებზე ესაუბრა ზელენსკი ერდოღანს

31.05.25 10:38
რა საკითხებზე ესაუბრა ზელენსკი ერდოღანს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის ლიდერს, რეჯეპ ტაიფ ერდოღანს ესაუბრა. უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების საკითხები, რომელიც უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების დასწრებას მოიცავს.

 უკრაინა ფიქრობს, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე საუბარი არ ღირს და რომ საჭიროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებში სხვა მხარეებიც იყვნენ ჩართულები.

ზელენსკიმ ერდოღანს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა, თუმცა თუ რუსეთი ცეცხლს არ შეწყვეტს, მაშინ კიევი ფიქრობს, რომ მოსკოვთან მშვიდობაზე საუბარს აზრი არ აქვს.

"თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ახლახანს კარგი და ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა. მას პირადად და მთელ თურქეთს მადლობა გადავუხადე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პრინციპული პოზიციისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ სტამბოლში გამართულ პირველ შეხვედრაზე. პატიმრების გაცვლა მისი მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთადერთი. მშვიდობისკენ შემდგომი სვლისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ადამიანების მკვლელობა. ჩვენ განვიხილეთ სტამბოლში შესაძლო შემდეგი შეხვედრა და რა პირობებშია მზად უკრაინა მონაწილეობა მიიღოს მასში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეხვედრა არ შეიძლება და არ უნდა იყოს ცარიელი. ასევე განვიხილეთ ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების დონეზე. ასევე ცალკე ვისაუბრეთ თურქეთის მონაწილეობაზე უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში. გმადლობთ ნაბიჯებისა და იდეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო შედეგის მოტანა", - წერს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები