ცაჰკნა: "ოცნების" ფარა დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი", რომელიც დღეს ამოქმედდა, "ქართული ოცნების" მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა პლატფორმა X-ზე წერს.
მარგუს ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ერთპარტიულ პარლამენტში მიღებული კანონი დემოკრატიის ძირითად პრინციპებს არღვევს და სამოქალაქო საზოგადოების, მედიის გაჩუმების მცდელობას ემსახურება.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც დღეს ამოქმედდა, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონი არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, კრიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას აჩუმებს და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაჰყავს“, - წერს მარგუს ცაჰკნა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო, ძალაში დღეს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
ვინ ჩაითვლება აგენტად?
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს უცხოური ძალის [პრინციპალის] “უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა “პირდაპირ ან ირიბად” არის უცხოური ძალის “ზედამხედველობის ქვეშ”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი არის უცხო ძალის მიერ “მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი უცხოური ძალის “ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს სახელმწიფოს “ნებისმიერი დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე”.