სტამბოლის მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, რუსეთი თავის „ჩვეულ“ მოთხოვნებს აყენებს - FT

03.06.25 10:17
სტამბოლის მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, რუსეთი თავის „ჩვეულ“ მოთხოვნებს აყენებს - FT

ორშაბათს, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელიც მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე დასრულდა. რუსეთმა უკრაინას წარუდგინა ე.წ. „სამშვიდობო მემორანდუმი“, რომელშიც მან გაიმეორა თავისი „ჩვეულებრივი“ პირობები, რაც, სინამდვილეში, უკრაინის კაპიტულაციის მოთხოვნას წარმოადგენს. ამის შესახებ Axios და Financial Times უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსული მხარე დაჟინებით მოითხოვს უკრაინული ჯარების გაყვანას რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან - და შეზღუდვების დაწესებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, მათ შორის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას. ეს პირობები უცვლელი რჩება, უკრაინის მხრიდან სრული ცეცხლის შეწყვეტის, უსაფრთხოების გარანტიებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ახალი წინადადებების მიუხედავად.

უკრაინის დელეგაციამ, თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა მემორანდუმი, რომელშიც მოითხოვდა სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, გარანტიებსა და ნდობის აღდგენის ზომებს.

ამავდროულად, რუსეთმა უარი თქვა გაესაჯაროებინა თავისი მოთხოვნები მოლაპარაკებების დაწყებამდე და აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნების იგნორირებას.

მოლაპარაკებების დროს დელეგაციებმა ხელი არ ჩამოართვეს ერთმანეთს და ერთადერთი შეთანხმება ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა იყო. რუსეთი დათანხმდა უკრაინას გადასცეს დაღუპულის 6000 ცხედარი და სულ მცირე 1000 სამხედრო ტყვე, უკრაინა - გაათავისუფლოს 25 წლამდე ასაკის ყველა პატიმარი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები.

უკრაინის ოფიციალური პირები უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების სამიტის ჩატარებას ითხოვენ, თუმცა კრემლი ჯერჯერობით უარს ამბობს ასეთი შეხვედრის ჩატარებაზე და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ სტამბოლში მოლაპარაკებების რეალური შედეგების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები