რუსეთმა ჩერნიგოვს, ოდესასა და ხარკოვის ოლქს „შაჰედებით“ შეუტია - არიან დაღუპულები და დაშავებულები

03.06.25 10:39
რუსეთმა ჩერნიგოვს, ოდესასა და ხარკოვის ოლქს „შაჰედებით“ შეუტია - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ღამით რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინას დრონებით; რამდენიმე რეგიონში დარტყმებს ნგრევა მოჰყვა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ჩერნიგოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, ღამით ჩერნიგოვს რუსული დრონები „გერანიუმ 2“ დაესხნენ თავს.

დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები, სკოლა, რამდენიმე მაღაზია, ავტობუსის გაჩერება და კერძო საცხოვრებელ სექტორში არსებული სახლები. მტერმა ასევე დაარტყა სამრეწველო საწარმოს და ამჟამად სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები ხანძრის ლოკალიზებას ახორციელებენ,- აღნიშნა მან.

ჩაუსის თქმით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - ერთი ქალი და ორი მამაკაცი. ისინი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ვიტალი კარაბანოვის განცხადებით, ხარკოვის ოლქის ბალაკლიაში ასევე სამოქალაქო საწარმოზე თავდასხმა განხორციელდა.

„სამწუხაროდ, ქარხნის მუშაკებს შორის ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი გვყავს“, - აღნიშნა მან.

ოდესაში ღამის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიწვა მანქანები. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

ხანძარი სხვადასხვა მისამართზე გაჩნდა. ყველაზე დიდი ხანძარი საკვები პროდუქტების საწყობებში იყო, - აღნიშნავენ მაშველები.

მსგავსი სიახლეები