აფეთქებები მოსკოვის შემოგარენსა და რუსეთის რეგიონებში
აფეთქებები იყო მოსკოვის შემოგარენსა და რუსეთის რამდენიმე ოლქში - ადგილობრივი ხელისუფლება ღამით უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.
აფეთქებები იყო სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც რუსეთის სამხედრო აეროდრომი და ნავთობის ბაზა მდებარეობს. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე.
სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია ენგელსის „ერთ-ერთ საწარმოში“.
ძლიერი აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ ბრიანსკშიც, ასევე ბელგოროდის ოლქშიც. პირველი ცნობა, რომ ბელგოროდის ოლქის პროხოროვკის რაიონში, დაახლოებით ღამის ორ საათზე რელსებიდან ლოკომოტივი გადავარდა, თუმცა არავინ დაშავებულა
ტულის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მილიაევის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 6 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ღამის განმავლობაში ბრიანსკის, როსტოვის, სარატოვის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, ტულის, ბელგოროდის და ტამბოვის ოლქებში, მოსკოვის რეგიონსა და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 174 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, შავი ზღვის აკვატორიის თავზე კი - 3 უკრაინული მართვადი რაკეტა „ნეპტუნი“.
უკრაინას რუსეთზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.