ტრამპსა და მასკს შორის საჯარო განხეთქილებაა

06.06.25 10:25
ტრამპსა და მასკს შორის საჯარო განხეთქილებაა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის საჯარო განხეთქილება მოხდა. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მასკით „იმედგაცრუებულია“ მას შემდეგ, რაც მან გააკრიტიკა მისი „დიდი და ლამაზი კანონპროექტი“ ხარჯებთან და გადასახადებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ CNN იტყობინება. აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მასკზე გაბრაზდა, რადგან მილიარდერმა კანონს „ამაზრზენი სისასტიკე“ უწოდა.

„მე და ილონს შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. არ ვიცი, ოდესმე გვექნება თუ არა ასეთი ურთიერთობა“, - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ის ამტკიცებს, რომ მასკმა კანონის შესახებ ყველაფერი იცოდა და არაფერი თქვა მანამ, სანამ ის არ გამოქვეყნდა. თავად მილიარდერი ამას უარყოფს. მისი თქმით, მას დოკუმენტი არ უნახავს, რადგან ის „შუაღამისას ისე სწრაფად მიიღეს, რომ კონგრესში თითქმის არავის შეეძლო მისი წაკითხვა“. 

ამავდროულად, ტრამპმა უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მასკისგან მის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდება. 

„დარწმუნებული ვარ, ეს შემდეგი იქნება. თუმცა, ელონით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე ელონს ძალიან დავეხმარე“, - აღნიშნა მან.

ამბავი ამ განცხადებებით არ დასრულებულა. იმ საღამოს ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასკი „ჭკუიდან შეიშალა“. 

აღსანიშნავია, რომ ტრამპთან კამათის ფონზე, ილონ მასკმა აშშ-ში ახალი პარტიის შექმნაზე დაიწყო საუბარი. მან გამოაქვეყნა შესაბამისი გამოკითხვა კითხვით: „დროა თუ არა ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს საშუალო კლასის 80%-ს?“