ლოს-ანჯელესში არეულობებია - დაკავებულია 400 მდე მომიტინგე

ლოს-ანჯელესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ემიგრაციის შესახებ დაწესებული ზომების წინააღმდეგ მასშტაბური და ძალადობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქის ქუჩებში კალიფორნიის ეროვნული გვარდიის ჯარები არიან განლაგებულნი.
„როიტერის“ ცნობით, ვიდრე ეროვნული გვარდია ფედერალური მთავრობის შენობებს იცავდა, პოლიცია მომიტინგეების დაშლას ცდილობდა. ქალაქის ქუჩებში გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ესვრიან მომიტინგეები პოლიციას ბეტონის ნამსხვრევებსა და ბოთლებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია დაახლოებით ოთხასი ადამიანი.
ამასთან, კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, განაცხადა, რომ მან ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვა, გააუქმოს ბრძანება ლოს-ანჯელესის ოლქში ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ, რადგან მისი თქმით, ეს უკანონობაა.
MSNBC-თან ინტერვიუში ნიუსომმა განაცხადა, რომ გეგმავს, ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა „შექმნა პირობები“ პროტესტებისთვის. ნიუსომმა პრეზიდენტი კრიზისის პროვოცირების მცდელობასა და კალიფორნიის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.
პარალელურად, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ პენტაგონი აქტიური სამხედრო მოსამსახურეების მობილიზებისთვის მზადაა, ლოს-ანჯელესში „ძალადობის გაგრძელების“ შემთხვევაში. მისი თქმით, ახლომდებარე კემპ პენდლტონში მყოფი საზღვაო ქვეითები „მაღალ მზადყოფნაში“ არიან.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ქვეყნიდან არალეგალურად მყოფი ადამიანების რეკორდული რაოდენობას დეპორტაცია და აშშ-მექსიკის საზღვრის დახურვა დააანონსა, აშშ-ის მოქალაქეობისა და ემიგრაციის სამსახურს კი დღეში, მინიმუმ, 3000 მიგრანტის დაკავება დაავალა.