მედია: ირანის ბალისტიკური რაკეტების მოგერიებაში ისრაელს აშშ ეხმარება

Axios ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების მოგერიებაში ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება.
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყო - ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მედიის ცნობით, ოპერაციას "სასტიკი სასჯელი" ეწოდება.
ამის პარალელურად, ისრაელმა საჰაერო განგაში გამოაცხადა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის ცაზე არსებული რკინის გუმბათის გარღვევა ამ დრომდე მხოლოდ ერთმა ბალისტიკურმა რაკეტამ შეძლო, რომელიც თელ-ავივში ჩამოვარდა და აფეთქდა.
ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ აფეთქებების ხმები იერუსალიმშიც ისმის.
ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.
ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დაადასტურა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და ბირთვული მეცნიერის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები და ისრაელი „მწარე და მტკივნეული“ შედეგების შესახებ გააფრთხილა.