როგორი ვითარებაა ისრაელში? - ახალი ცნობები ეპიცენტრიდან

როგორი ვითარებაა ისრაელში? - ქართველი ემიგრანტები "ტვ პირველს" ბოლო ცნობებს აწვდიან. ისრაელში მცხოვრები მარიამ აკოშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
მარიამ აკოშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ყვება, რომ ისრაელის ცაზე გადაჭიმულმა რკინის გუმბათმა ირანის ბალისტიკური რაკეტების უმრავლესობის მოგერიება შეძლო. მისივე ცნობით, თელ-ავივში 1 რაკეტა და 5 რაკეტის ნაწილი ჩამოვარდა. რაც შეეხებათ დაღუპულებს, მარიამ აკოშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი აღნიშნავს, რომ ამჟამად თელ-ავივის მახლობლად არსებულ ქალაქ პეტახ-ტიკვაში სიმშვიდეა. მეტიც, მისივე განმარტებით, ისრაელის მთავრობისგან ბომბდამცავი ოთახი დატოვების შესახებ შეტყობინება მიიღო.
მე ვიმყოფები ქალაქ პეტახ-ტიკვაში, რომელიც თელ-ავივიდან დაახლოებით 15 წუთის მანძილზე მდებარეობს. ამჟამად სიწყნარეა, ნახევარი საათის წინ იყო გამოშვებული დაახლოებით 200-ზე მეტი რაკეტა. უმეტესობა რკინის გუმბათმა ააფეთქა, მაგრამ ჩამოვარდა 1 რაკეტა თელ-ავივში და 5 რაკეტის ნაწილი. დაშავებულები არიან, მაგრამ მცირე ნაწილით. მსხვერპლი არ არის. ქართველები, რომლებიც აქ ცხოვრებენ და მაქვს წვდომა, ყველა უსაფრთხოდ არიან. მივიღეთ გაფრთხილება, რომ შეგვიძლია დავტოვოთ ბომბდამცავი ოთახი." - განაცხადა მარიამ აკოშვილმა.
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყო - ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მედიის ცნობით, ოპერაციას "სასტიკი სასჯელი" ეწოდება.
ამის პარალელურად, ისრაელმა საჰაერო განგაში გამოაცხადა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის ცაზე არსებული რკინის გუმბათის გარღვევა ამ დრომდე მხოლოდ ერთმა ბალისტიკურმა რაკეტამ შეძლო, რომელიც თელ-ავივში ჩამოვარდა და აფეთქდა.
ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ აფეთქებების ხმები იერუსალიმშიც ისმის.
ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.
ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დაადასტურა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და ბირთვული მეცნიერის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები და ისრაელი „მწარე და მტკივნეული“ შედეგების შესახებ გააფრთხილა.