მედია: ირანზე მიტანილი იერიშების დროს ბირთვულ პროგრამაში ჩართული ცხრა მეცნიერის და ექსპერტის ლიკვიდაცია მოხდა
CNN ისრაელის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ IDF-მა ირანზე მიტანილი იერიშების დროს ირანის ბირთვულ პროგრამაში ჩართული ცხრა მეცნიერის და ექსპერტის ლიკვიდაცია შეძლო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პარასკევს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ალი კარიმი, მანსურ ასგარი და საიდ ბარჯი დაიღუპნენ. ისინი მექანიკის, ფიზიკისა და მასალების ინჟინრების ექსპერტები იყვნენ.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელში ორი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ღამე იყო. ბოლო ბალისტიკური რაკეტა ისრაელში დილის 05:00 საათზე ჩამოვარდა, კერძო სახლს დაეცა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
ამ წუთებში თელ-ავივში სიმშვიდეა. თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ხალხს თავშესაფრებში გადასვლა ყოველ 2 საათში უწევდათ.
სამხედრო ხელმძღვანელობის ლიკვიდირებით გაბრაზებულმა ირანმა ისრაელისკენ ღამით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ცაშივე გაანეიტრალა. სარკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 50 ადამიანი.
შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. 13 ივნისის საღამოსა და 14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიშები განახორციელა და 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმში ისმოდა.