ისრაელი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმების სერია დაასრულა

ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაასრულეს მასშტაბური დარტყმების სერია თეირანში, რომელთა სამიზნეც იყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტები.
ცახალის განცხადებით, სამიზნეები მოიცავდა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინებს, ბირთვულ პროექტ SPND-ს და სხვა ობიექტებს, რომლებიც „ახორციელებდნენ ირანის რეჟიმის მცდელობას, მიეღო ბირთვული იარაღი და სადაც ირანის რეჟიმს დამალული ჰქონდა თავისი ბირთვული არქივი“.
ირანული სააგენტო Tasnim იუწყება, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად ირანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობას მცირე ზიანი მიადგა, ასევე დაზიანდა SPND. ამასთან, ცნობილია, რომ თეირანში მდებარე ნავთობის საცავი გახდა ისრაელის ახალი სამიზნე – ადგილზე გაჩნდა ხანძარი.
პასუხად, ირანმა დარტყმები მიაყენა ცენტრალურ ისრაელს. ისრაელის მედიკოსების ინფორმაციით, შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურების ინფორმაციით კი, ცენტრალური ისრაელის რამდენიმე შენობა სერიოზულად დაზიანდა ირანის თავდასხმის შედეგად.
13 ივნისს ისრაელის არმიამ დარტყმები განახორციელა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რის შედეგადაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა.
გარდა ამისა, ცახალის სპეციალური ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულნი იყვნენ ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდნენ.
პასუხად ირანმა დარტყმები მიაყენა ისრაელს. ბოლო მონაცემებით, ამ თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.