ირანმა ღამით ისრაელზე რაკეტები გაუშვა - საპასუხოდ "თეირანი იწვის"

15.06.25 10:44
ირანმა ღამით ისრაელზე რაკეტები გაუშვა - საპასუხოდ "თეირანი იწვის"

შაბათს საღამოს ირანმა ისრაელზე რაკეტები გაუშვა. პარალელურად, ისრაელის სამხედროებმა ძლიერი დარტყმა განახორციელეს თეირანზე.

ირანული რაკეტების წინააღმდეგ იმუშავა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ. იერიშის ერთ-ერთი სამიზნე იყო ჰაიფა.

„ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი“ (IRGC)  აცხადებს, რომ თუ ისრაელის თავდასხმები გაგრძელდება, ირანის საპასუხო დარტყმები „უფრო ძლიერი და მასშტაბური“ იქნება — ამის შესახებ იუწყება The Times of Israel.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰაიფაზე თავდასხმისას ირანმა გამოიყენა მინიმუმ ერთი ჰიპერბგერითი რაკეტა.

The Times of Israel-ის ცნობით, ირანის შეტევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა.

CNN იუწყება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი იერიშები განახორციელა, რომელიც მოიცავდა როგორც რაკეტებს, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის არმია თეირანში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესახებ იუწყება. ცახალის პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალების „გრძელვადიანი ოპერაცია“ თითქმის 40 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა 150-ზე მეტ ობიექტზე დარტყმას.

„ცახალის თვითმფრინავები ასრულებენ დარტყმების ტალღას სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე, ბირთვულ პროგრამაზე და ტერორისტული ხელმძღვანელობის მაღალჩინოსნებზე ირანში. ეს არის მნიშვნელოვანი სამიზნეები ირანის გულში და მისი ტერორისტი მოკავშირეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია CNN-ის მასალაში.

Clash Report-ი იუწყება თეირანში ნავთობის საცავზე გაჩენილ ხანძარზე, რომელიც გამოწვეულია ისრაელის დარტყმებით. სოციალურ ქსელებში ვრცელდება სავარაუდო აფეთქებების ვიდეოჩანაწერები.

Haaretz-ის ცნობით, ირანის დარტყმის შედეგად ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

The Times of Israel ასევე წერს, რომ ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაზიანდა სამინისტროს ერთ-ერთი შენობა.

გარდა ამისა, ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა The Wall Street Journal-თან საუბარში განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის ლიკვიდაცია „არ გამოირიცხება“. The New York Times-ის ინფორმაციით, ირანის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ისრაელმა დაბომბა თეირანის მთავარი ნავთობსაცავი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთის მთიან ფერდობებზე – შედეგად ადგილი ჰქონდა მასიურ აფეთქებებს.

„ოფიციალური პირის თქმით, ნავთობის საცავები ერთი მეორის მიყოლებით ფეთქდება, რაც მეზობელ საცხოვრებელ უბნებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მრავალსართულიანი კორპუსის ბინადარმა აღნიშნა, რომ აფეთქებების ძალა მიწისძვრას ჰგავდა“, – ნათქვამია სტატიაში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მესიჯი: „თეირანი იწვის“. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახალ თავდასხმებთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას აწყობს — ამის შესახებ CNN წერს.

13 ივნისს ისრაელის არმიამ დარტყმები განახორციელა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რის შედეგადაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა.

გარდა ამისა, ცახალის სპეციალური ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულნი იყვნენ ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდნენ.

პასუხად ირანმა დარტყმები მიაყენა ისრაელს. ბოლო მონაცემებით, ამ თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. 

მსგავსი სიახლეები