ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მზად ვართ, ისრაელზე დარტყმები შევწყვიტოთ, თუმცა არსებობს პირობა

ირანი მზად არის, შეწყვიტოს დარტყმები ისრაელზე, თუ ისრაელიც შეწყვეტს თავდასხმებს — ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ განაცხადა.
„ჩვენ ვიცავთ თავს; ჩვენი თავდაცვა სრულად ლეგიტიმურია. ეს არის პასუხი აგრესიაზე. თუ აგრესია შეწყდება, ბუნებრივია, ჩვენი პასუხებიც შეწყდება“, — ციტირებს მას Al Arabiya.
არაქჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი მზად არის, გააფორმოს შეთანხმება ბირთვული იარაღის წარმოებაზე და მის განვითარებაზე უარის თქმის შესახებ.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა გვქონდეს“, — აღნიშნა მინისტრმა Al Jazeera-სთან საუბარში.
ამასთან, მან კატეგორიულად გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ირანს შეეზღუდოს ბირთვული პროგრამის განვითარება მშვიდობიანი მიზნებისთვის.
არაქჩიმ ასევე ვაშინგტონი დაადანაშაულა იმაში, რომ აშშ-მა შეუწყო ხელი ისრაელის დარტყმებს. მისი თქმით, თავდასხმების მიზანი იყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანსა და აშშ-ს შორის ომანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა. მორიგი რაუნდი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გაუქმდა.
„წინა რაუნდში ამერიკელებმა შემოგვთავაზეს რიგი წინადადებები, რომლებიც ჩვენთვის სრულად მისაღები არ იყო. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პასუხი და შეხედულებები და უნდა წარგვედგინა საპასუხო წინადადებაც. ჩვენი წინადადება შესაძლებელს გახდიდა ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას ამერიკელებთან“, — განაცხადა არაქჩიმ.