საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს ჟურნალისტი, რომელიც ქვეყანაში კორუფციის შესახებ წერდა

16.06.25 10:22
საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს ჟურნალისტი, რომელიც ქვეყანაში კორუფციის შესახებ წერდა

საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს ცნობილი ჟურნალისტი თურქი ალ-ჯასერი. ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) განაცხადა. ალ-ჯასერს ბრალად ედებოდა სახელმწიფო ღალატი, უცხოურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ტერორიზმის დაფინანსება და ეროვნული უსაფრთხოებისა და ერთიანობისთვის საფრთხის შექმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი დააკავეს 2018 წელს მას შემდეგ, რაც საუდის ხელისუფლებამ იეჭვა, რომ ის სოციალური ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) მეშვეობით ავრცელებდა კორუფციის ბრალდებებს სამეფო ოჯახის წევრთა მიმართ. CPJ-ის ცნობით, ალ-ჯასერი წერდა მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა ქალთა უფლებები საუდის არაბეთში, არაბული გაზაფხული (სერიული ანტისამთავრობო გამოსვლები) და კორუფცია. იგი თანამშრომლობდა უკვე დახურულ გაზეთთან Al-Taqrir.

დაკავების პერიოდში მას არ ჰქონდა ადვოკატთან წვდომა და ეკრძალებოდა ოჯახთან კონტაქტი. CPJ აღნიშნავს, რომ ალ-ჯასერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასაც დაექვემდებარა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საუდის არაბეთი ჟურნალისტებზე ახორციელებს დევნას. საუდელი ოფიციალური პირები ადრეც იყვნენ დადანაშაულებული სოციალური ქსელის მომხმარებლებისა და ჟურნალისტების თვალთვალში — მათ შორის The Washington Post-ის კოლუმნისტ ჯამალ ხაშოგგის, რომელიც 2018 წელს სტამბოლში, საუდის კონსულატში მოკლეს.

ჩვენ აღშფოთებულები ვართ ცნობილი ჟურნალისტის, თურქი ალ-ჯასერის სიკვდილით დასჯით, რომელიც შვიდი წელი იყო პატიმრობაში მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმმა ჩათვალა, თითქოს ის საუდის სამეფო ოჯახში კორუფციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა. საერთაშორისო საზოგადოების უუნარობამ ხაშოგგის საქმეზე სამართლიანობის მიღწევაში მხოლოდ ერთი ჟურნალისტის ღალატი კი არ გამოიწვია, არამედ გაამხნევა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბენ სალმანი, გაგრძელებინა მედიის დევნა — დღეს კი ამის საფასური კიდევ ერთმა საუდელმა ჟურნალისტმა გადაიხადა, - განაცხადა CPJ-ის დირექტორმა, კარლოს მარტინეს დე ლა სერნამ.

მსგავსი სიახლეები