შეტაკებები ირანსა და ისრაელს შორის - მძიმე ცნობები ეპიცენტრიდან

16.06.25 20:43
შეტაკებები ირანსა და ისრაელს შორის - მძიმე ცნობები ეპიცენტრიდან

ირანი ისრაელის ქალაქ ხაიფას თავს დაესხა - ირანმა უდიდეს საზღვაო პორტზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. სამიზნე დასახლებული პუნქტი იყო. გამთენიისას ისრაელისკენ გაშვებული რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვამ გზაში გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე რაკეტამ შეძლო, ზღუდე გაარღვია და სამიზნემდე მიაღწია. იერიშების გამო, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ერთ ღამეში ისრაელში რვა ადამიანი დაიღუპა, 287 კი მძიმედ დაშავდა. სარაკეტო საფრთხეების გამო, მთელი ღამე მოსახლეობამ ბომბსაფრებში გაატარა, მათ შორის არიან ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებიც.

ირანმა ღამით სარაკეტო დარტყმები ისრაელის ცენტრალურ და სანაპირო ტერიტორიას მიაყენა. ისრაელისკენ რამდენიმე საათში ათეულობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ისრაელს მტრის შემოტევებისგან, როგორც წესი, რკინის გუმბათი იცავს, თუმცა მას არ შეუძლია ბალისტიკური რაკეტის შეკავება. ასეთი იარაღის გასანეიტრალებლად ისრაელს დაადის სისტემა აქვს.  

ისრაელის დაბომბილ ქალაქებში ამ დრომდე ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ მოსახლეობის ნაწილი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანაც. იქ 3 ირანული ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. თელ-ავივში ახლა პასუხისთვის ემზადებიან. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ირანს ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის კიდევ უფრო მძიმე ფასის გადახდა მოუწევს.

ვითარება კიდევ უფრო მძიმეა ირანში. უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულია „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ისრაელის არმიის სამიზნე თეირანში ისევ ბირთვული ობიექტები და სამხედრო შტაბებია. ისრაელის საჰაერო ძალები ამ დრომდე ფორდოს ბირთვულ ობიექტებს ბომბავენ. დაარტყეს საწვავის შემავსებელ ირანულ თვითმფრინავს მეშხედის აეროპორტში.

შეტაკებები ირანსა და ისრაელს შორის - დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.