დაზვერვის შეფი ქართული ფესვებით - ვინ არის ბლეიზ მეტრეველი

ბლეიზ მეტრეველი დღეიდან ნომერ პირველი ბრიტანელი მზვერავია. 47 წლის მეტრეველი ამ თანამდებობაზე ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა დანიშნა და ინგლისის საიდუმლო დაზვერვის სამსახური ჩააბარა. მსოფლიო მედიის ფურცლები ამ ამბავმა მოიცვა. ყველა გავლენიანი მედია წერს, რომ ბრიტანული დაზვერვა ჩააბარეს ქალს ქართული ფესვებით.
ბლეიზ მეტრეველი აქამდე კამერებთან არასდროს გამოჩენილა და, სავარაუდოდ, არც არასდროს გამოჩნდება, რადგან ის დღეიდან ბრიტანეთის ყველაზე გასაიდუმლოებული ორგანიზაციის შეფია. ის 1999 წლიდან დაზვერვის ოფიცერია, ატარებდა ოპერატიულ საქმიანობას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. "ემ აი 6" დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ყველაზე ფარული ორგანიზაციაა, რომლის მხოლოდ ხელმძღვანელის ვინაობაა საჯაროდ ცნობილი. წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ამერიდან მსოფლიოში ფსევდონიმით “C” იქნება ცნობილი.
47 წლის მეტრეველის ქართული წარმომავლობის შესახებ ბრიტანულმა პრესამ დღეს დაწერა, თუმცა მათთვის არაფერია ცნობილი, ვისი შთამომავალია ბრიტანული დაზვერვის ახალი შეფი. ცნობილია მხოლოდ მისი მამის, კონსტანტინე მეტრეველის ვინაობა, რომელიც ცნობილი ექიმია და ბრიტანეთის არმიის სამედიცინო დანაყოფში რადიოლოგად მუშაობდა. მეტრეველი ბრიტანულ დაზვერვას 1999 წელს შეუერთდა და სხვადასხვა ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ატარებდა. ვიდრე დაზვერვის შეფი გახდებოდა, "ემ აი 5"-ში ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მისი მოვალეობა იყო მსოფლიოს გარშემო საიდუმლო აგენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა და საფრთხეებისგან თავის არიდება.