„ირანმა საავადმყოფოში მყოფ ბავშვს ესროლა“ - ისრაელის პრეზიდენტი მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდებს

19.06.25 11:18
„ირანმა საავადმყოფოში მყოფ ბავშვს ესროლა“ - ისრაელის პრეზიდენტი მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდებს

ისრაელის ოფიციალური პირები ირანის მიერ "სოროკას" საავადმყოფოს დაბომბვის გამო მსოფლიოსგან რეაგირებას ითოვენ. 

პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა დღეს Twitter-ზე დაწერა, რომ „ირანმა საავადმყოფოში მყოფ ბავშვს ესროლა“.

„ჩვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დედა მათ საწოლთან. ექიმი საწოლებს შორის გარბის. მოხუცი ბინადარი მოხუცებულთა სახლში....

ესენი იყვნენ ირანის მიერ ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების სამიზნეები“. - წერს ისრაელის პრეზიდენტი. 

ისააკ ჰერცოგას თქმით, სოროკას საავადმყოფო, რომელიც ბეერ შევაში მდებარეობს, ისრაელის ერთ-ერთი საუკეთესოა, ემსახურება მთელ ნეგევის რეგიონს, ზრუნავს ყველა სარწმუნოების ისრაელელებზე და მეზობლებზე, პალესტინელებზე, რომლებიც სპეციალურად იქ მოდიან სამკურნალოდ. "მისი ერთგული პერსონალი - ებრაელები და არაბები - გვერდიგვერდ მუშაობენ არაჩვეულებრივი ჰარმონიით, გაერთიანებულნი განკურნების მისიით“.

„ასეთ მომენტებში გვახსენდება, თუ რა დევს სინამდვილეში სასწორზე და რა ღირებულებებს ვიცავთ“. - ამბობს ისრაელის პრეზიდენტი. 

დილიდან ისრაელში საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმები ისმის. ირანმა თელავივისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.  იერიშის შედეგად დაბომბილია ისრაელში სიდიდით მესამე საავადმყოფო, სახელწოდებით “სოროკა”. ნგრევა დაფიქსირდა თელ-ავივის ცენტრში დასახლებული ზონასა და ბიზნეს-ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც. დაშავებულია ათობით ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რაკეტების უმეტესი ნაწილი ისრაელის თავდაცვამ ჰაერში გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე რაკეტამ თავდაცვითი ზღუდის გარღვევა მაინც მოახერხა.

 

მსგავსი სიახლეები