აშშ ირანის საპასუხო იერიშებს ელოდება, წინ გადამწყვეტი ორი დღეა - NBC

ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი გამანადგურებელი იერიშების შემდეგ აშშ ირანის პასუხს ელოდება. როგორც NBC წერს, მომდევნო 48 საათი გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება, რადგან ელოდება შესაძლო საპასუხო ქმედებებს თეირანის მხრიდან. როგორც გამოცემის წყაროები პენტაგონსა და თეთრ სახლში იტყობინებიან, უახლოესი 48 საათი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
ჩინოვნიკების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად შეიძლება განხორციელდეს ირანის პასუხი — იქნება ის აშშ-ის საზღვრებს გარეთ მყოფ ობიექტებზე ორიენტირებული, თუ უშუალოდ ამერიკის ტერიტორიასაც შეეხება. განიხილება ორივე ვარიანტი.
ირანს უკვე გააჩნია მომზადებული გეგმები ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბაზების დასარტყმელად, - აცხადებს ორი მაღალჩინოსანი, რომლებიც მიმდინარე სამხედრო დაგეგმვის პროცესს ეცნობიან. ამასთან, კვირის დასაწყისში ამ გეგმების დაუყოვნებლივ განხორციელების ნიშნები არ არსებობდა.
ამერიკული სამხედრო ობიექტები გაზაფხულიდანვე მაქსიმალურ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, თუმცა 13 ივნისს ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი პროქსი ძალების მხრიდან ამერიკულ ობიექტებზე იერიშების რისკი კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პერშის ყურეში შექმნილი ვითარება შესაძლოა გახდეს უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დეტონატორი, განსაკუთრებით აშშ-ის სამხედრო ძალების კატარში, ბაჰრეინში, კუვეიტსა და ერაყში ყოფნის ფონზე. დაძაბულობა იზრდება ასევე იემენში ჰუსიტების გააქტიურებისა და წითელ ზღვაში საზღვაო მარშრუტებზე თავდასხმების საფრთხის გამო.
ღამით, 22 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე — მათ შორის ფორდოზე, ნატანზსა და ისფაჰანზე — იერიში მიიტანა. ფორდოზე, რომელიც ძირითად ობიექტად ითვლება, ჩამოაგდეს ბომბების სრული საბრძოლო მარაგი.