„შედეგები კატასტროფული იქნება“ — მსოფლიო ლიდერები ირანზე აშშ-ის იერიშებს ეხმაურებიან

ამერიკის მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულ იერიშებზე მსოფლიოს რეაქცია სხვადასხგვარი იყო: ისრაელმა, მაგალითად, მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, ხოლო გაერომ და ვენესუელამ — მკაცრად გააკრიტიკეს. Reuters-მა შეაგროვა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ფიგურების კომენტარები აშშ-ის ქმედებაზე ირანში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
„გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ. თქვენი გაბედული გადაწყვეტილება — შეუტიოთ ირანის ბირთვულ ობიექტებს ამერიკის შთამბეჭდავი და სამართლიანი ძალით — შეცვლის ისტორიას... ისტორია დააფიქსირებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იმოქმედა, რათა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რეჟიმს დაეტაცებინა ყველაზე სახიფათო იარაღი“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კი განაცხადა, რომ აშშ -მა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრმა, სერიოზულად დაარღვია გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, როცა შეტევა მიიტანა „ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე“.
„ამ დილის მოვლენები აღმაშფოთებელია და ექნება მარადიული შედეგები. გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს შეშფოთება აშშ-ის ამ უკიდურესად სახიფათო, უკანონო და კრიმინალური ქცევის გამო. გაეროს წესდების თანახმად, რომელიც კანონიერ თავდაცვით პასუხს ითვალისწინებს, ირანი იტოვებს ყველა შესაძლებლობას თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად,“ — აღნიშნა მან.
ავსტრალიის მთავრობამაც განაცხადა, რომ ირანის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„რეგიონში უსაფრთხოების ვითარება უკიდურესად არასტაბილურია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დეესკალაციისკენ, დიალოგისა და დიპლომატიის გზით,“ — აღნიშნეს მათ.
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართული მხარეებს დიპლომატიური დიალოგისკენ და რეგიონში დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.
ვენესუელამ დაგმო „აშშ-ის სამხედრო აგრესია ირანის წინააღმდეგ“ და მოითხოვა „მაშინვე შეწყდეს საომარი მოქმედებები“.
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა X-ში დაწერა:
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ აშშ-ის ბომბდამშენებით ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევას, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს. აგრესია სერიოზულად არღვევს გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალს და კაცობრიობას შეუქცევადი შედეგების მქონე კრიზისში აგდებს.“
შეგახსენებთ, რომ ღამით, 22 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე — მათ შორის ფორდოზე, ნატანზსა და ისფაჰანზე — იერიში მიიტანა. ფორდოზე, რომელიც ძირითად ობიექტად ითვლება, ჩამოაგდეს ბომბების სრული საბრძოლო მარაგი.